ჩემს მიერ სხვადასხვა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი რესურსები

пятница, 16 июня 2017 г.

canva.com-ზე პრეზენტაციის მომზადება

ეს პრეზენტაცია მომზადებულია  https://www.canva.com/-ზე,შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ pdf-ის ფაილის სახით ,შემდეგ კი ატვირთოთ https://prezi.com-ზე
Copy of case studies by Tamar Enuqishvili

вторник, 9 февраля 2016 г.

storybird.com-ზე მომზადებული ზღაპარები


ერხელ დედა ძალიან გააბრაზა გელამ. წადი, მომშორდი, დაუყვირა დედამ და ზურგი შეაქცია.„დედას არ ვყვარებივარო“, – გაიფიქრა გელამ და ოთახიდან ფეხაკრეფით გაიპარა. კარგა ხანს იწრიალა ეზოში. რაკი დედა უკან არ გაეკიდა და თავისებურად არ მოეფერა, დაამტკიცა, ნამდვილად არა ვყვარებივარო. ეზოდანაც შეუმჩნევლად გაუჩინდარდა და სასოფლო გზას დაადგა.

მიდის გელა და უკან არ იყურება. სოფელს რომ გასცდა, ტყე დაიწყო, მაგრამ ვერც ტყემ შეაშინა.

 მიდის და მიდის უკანმოუხედავად. შემოხვდა მგელი.

– სად მიდიხარო?

– დედაზე უკეთესს ვეძებო.

– ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბატკანით გამაძღარი ვარ და, სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?

მგელმა პირიც არ ახლო და გზას ბარაქა დააყარა გელამ.

შემოხვდა დათვი.

– სად მიდიხარო?

– დედაზე უკეთესს ვეძებო.

– ახლავე შეგჭამდი, მაგრამ ბევრი თაფლი გეახელი და… სულ ერთია, უკან არ ჩამოივლიო?

დათვმა პირიც არ ახლო და გელამ ისევ გზა განაგრძო.

შემოხვდა ბერიკაცი!

– სად მიდიხარ, კარგო ბიჭოო?

– დედამ სახლიდან გამომაგდო და უკეთესს ვეძებო.

– შვილად აგიყვანდი, მაგრამ დედობას მაინც ვერ გაგიწევ და რა გაეწყობაო.

მიდის გელა, მიდის და შემოხვდა დედაბერი.

– სად მიდიხარ, ლამაზო ბიჭოო?

– დედაჩემმა სახლიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.

– შვილად აგიყვანდი, მაგრამ რაკი დედას გამოჰქცევიხარ, ჩემთანაც არ გაჩერდებიო.

დედაბერმაც განი მისცა და გელამ ისევ გზას ბარაქა დააყარა.

ბევრი იარა თუ ცოტა იარა, ერთ პატარა მდინარეს გადააწყდა. მდინარის ნაპირას ვიღაც ტიტლიკანა ბიჭი ჩხირკედელაობდა. გელას დანახვაზე ფეხზე ადგა და მისკენ წამოვიდა.

– ვინა ხარ და საით გაგიწევიაო?

– დედამ შინიდან გამომაგდო და დედაზე უკეთესს ვეძებო.

– დედა რა არისო?

– დედა ის არის, ვინც გაგაჩინაო.

– არ ვიცი, ვინ გამაჩინაო.

– როცა წაიქცევი, ვინ წამოგაყენებს და დაგაჩუმებს ხოლმეო?

– არავინ არ წამომაყენებს ხოლმე. მე თვითონა ვდგები და ვჩუმდებიო.

– საჭმელს ვინ გიმზადებსო?

– საჭმელი ხეებს ასხია. პანტა-მაჟალოთი გავდივარ იოლას. ზოგჯერ კენკრასაც ვშოულობო.

– ჩაის ვინ გიდუღებს და გასმევსო?

– ჩაი არც გამიგია, წყალსა ვსვამო.

– მაშ არ იცი, დედა რა არის და შვილი რა არისო?

– არ ვიცი. ოღონდაც გამაგებინე და მშვილდ-ისარს გაგითლიო.

მშვილდ-ისრის ხსენება ძალიან გაუხარდა გელას, მაგრამ მაინც ყოყმანი დაიწყო:

– მე შინიდან გამომაგდო და შენ რას გიზამსო?

– მაინც მაჩვენე და თუ არ მომეწონება, ისევ აქ წამოვიდეთო. აი, ეს მდინარე მთლიანად ჩემია. ხან ასე ვიხტუნოთ და ხანაც ისე, აქ ვიცხოვროთ და კენკრა ვჭამოთო.

გელას ძალიან მოეწონა ტიტლიკანა ბიჭის აზრი. ტანზე თავისი პერანგი ჩააცვა, ასე სირცხვილიაო, ჩაჰკიდა ხელი და უკან დაბრუნდნენ.

შემოხვდათ დედაბერი.

– ბიჭს ბიჭი მიმატებია და ორი შვილი გამხდომიაო.

– ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის. უნდა ვაჩვენო და მერე მოგივალო.

– რაკი დედასთან მიდიხართ, თქვენთან რა ხელი მაქვსო?!

შემოხვდათ ბერიკაცი.

– მოზვერს მოზვერი მიმატებია და უღელი გამხდომიაო.

– ეს ბიჭი დედაჩემთან უნდა წავიყვანო და თუ დედაჩემი არ მოეწონა, შენთან მოვალთო.

– რაკი დედასთან მიდიხართ, რა გაეწყობაო?!

შემოხვდათ დათვი.

– ლუკმას ლუკმა დამატებია და ისევ კარზე მომდგომიაო, ახლა ორივეს შეგახრამუნებთო.

– ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის, ვაჩვენებ და მერე მოგივალთო.

– რაკი დედასთან მიდიხართ, მიპატიებია. დედის ცრემლისა ძალიან მეშინიაო.

იარეს, იარეს და შემოხვდათ მგელი.

– ფერდებიც დამცარიელებია და ბიჭებიც თავიანთი ფეხით მოსულანო.

– ჯერ ნუ შეგვჭამ, ამ პატარა ბიჭმა დედა არ იცის, რა არის და დედასთან მიმყავსო.

– რაკი დედასთან მიდიხართ, შეჭმას ვეღარ გაგიბედავთ. დედის წყევლისა ძალიან მეშინიაო.

მგელიც ჩამოეცალათ და ბიჭები სოფლის გზას გაუდგნენ.

იარეს, იარეს და… ეზოში რომ შევიდნენ, დედა კიბეზე იჯდა და მწარედ მოთქვამდა. სულ ცრემლად იღვრებოდა.

– აგერ, დედა რა არისო, – დაანახვა გელამ.

დედამ გაიგო შვილის ხმა. წამოხტა, ეცა და გულში ჩაიკრა. ხან ტიროდა და ხან იცინოდა. ჰკოცნიდა და ეხვეოდა. შვილის ალერსით რომ გული იჯერა, მაშინღა შენიშნა უცხო ბიჭი.

– ეს კარგი ბიჭი საიდან მოიყვანეო?

– დედა არა ჰყავს და შენთან წამოვიყვანეო.

დედამ შვილს ხელი გაუშვა და პატარა ბიჭს მოეხვია:

– იუ, შვილო, რა ცოდო ხარ, რომ დედა არა გყოლია… შენ გენაცვალე და შენი ჭირიმე, დარჩი ჩემთან და ჩემი შვილის ძმა იყავი, ძმა მაინც არა ჰყავსო.

პატარა ბიჭი სიხარულისაგან ატირდა. ამან უფრო აუჩვილა დედას გული.

– ნუ ტირი, შვილო!.. ნუ ტირი, შემოგევლე!.. დარჩი ჩემთან და აღარსად წახვიდე! ლამაზ შარვალსაც შეგიკერავ და ჭრელ წინდებსაც მოგიქსოვ.

– არ წავიდეთ?! – წასჩურჩულა გელამ.

– მე აქედან ფეხს არ მოვიცვლი და შენ სადაც გაგიხარდება, იქ წაბრძანდიო.
tamar_en







სოფლის განაპირას ერთი გლეხი ყანას ხნავდა.მას კატა ახლდა და კალიებზე ნადირობდა. უცბად ტყიდან ვეფხვი გამოვარდა, დაინახა კატა და გაკვირვებულმა ჰკითხა:გლეხს კატაც თან წამოჰყოლოდა და ტყის პირას ჩიტებს

– შენ, ძამიავ, როგორც ვატყობ, ჩემი მოდგმისა უნდა იყო და რა უბედურება დაგმართნია, რომ ასე დაპატარავებულხარო?ეჰ, ძმაო, – უთხრა კატამ, – შენ რომ ჩემს ბატონს იცნობდე, მაგას აღარ შემეკითხებოდიო.

მერე და, ვინ არის შენი ბატონიო?

– ადამიანიო.

_აბა, ერთი დამანახვე და შენი დაჩაგვრისათვის სამაგიეროს მე გადავუხდიო, – დაიღრინა ვეფხვმა.

– არ გირჩევ, – უთხრა კატამ, – მოგერევაო.

მაგრამ ვეფხვმა არ დაიშალა და კატაც გაუძღვა, მიიყვანა თავის პატრონთან და უთხრა: – აი, ეს არის ჩემი ბატონიო.

ვეფხვი გადაუდგა გუთნეულს წინ და კაცს შეუტია:

– შენ, ეი, ადამიანი ხარ თუ ვიღაც ოხერი, ეს ჩემი მოდგმა-ჯილაგი ასე რატომ დაგიჩაგრავს, ან პასუხი აგე, ან შემბრძოლეო.

– კარგი, ვიბრძოლოთო, – უპასუხა გლეხმა, – მაგრამ მე ღონე შინ დავტოვე, წავალ, მოვიტან და ბატონი ბრძანდებიო.

ვეფხვი დათანხმდა, – ოღონდ ჩქარა მოდი, არ დაიგვიანოო, – გააფრთხილა.

გლეხმა უთხრა:

– მეშინია, ვაითუ შეგეშინდეს, ჩემს მოსვლამდე ტყეში გაიქცე და სოფელში ჩასვლა-ამოსვლამ ტყუილად ჩამიარო. მოდი, ასე ვქნათ, რომ არ გამექცე, ამ ხეზე თოკით მიგაბამ, ამოვიტან ჩემს ღონეს, ისევ აგიშვებ და ვიბრძოლოთო.

ვეფხვი ამაზეც დათანხმდა, გლეხმა გუთნეულს საყევრის ჯამბარა ახსნა და ვეფხვი ხეზე მიაკრა. თვითონ ისევ ტყეში შევიდა, მოსჭრა ჯაგრცხილის ხორკლიანი სახრე, გამოიტანა და გადაუჭირა და გადაუჭირა ვეფხვს, – აი, ჩემი ძმა.

ვეფხვი ტკივილისაგან სულ მაღლა-მაღლა ხტოდა და შესაბრალისად ღმუოდა, მაგრამ გლეხი შეუბრალებლად ურტყამდა. ბოლოს მთლიანად რომ მიასავათა, აუშვა და უთხრა:

– არა მკითხე მოამბეო, მიტყიპე და მიაგდეო! წადი და ამის შემდეგ იცოდე, სადაც არ გეკითხებოდნენ, იქ ნუ წაიჩხირებიო.

ნაცემ-ნაბეგვი ვეფხვი ლასლასით გაუდგა გზას და კატას მიაძახა:

– ბარაქალა, ძმაო, შენს ვაჟკაცობას, რომ ასეთი ბატონის ხელში ეგ ტანიც შეგრჩენიაო.

ჭირი – იქა, ლხინი – აქა,

ქატო – იქა, ფქვილი – აქა


tamar_en